ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი "ეროვნული ამოცანაა", არავის მისცენ "გარედან" ქვეყანაში სიძულვილის გაღვივების საშუალება.
"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, ხო.
რაც შეეხება, გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა, საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები, მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა.
პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოში ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა.
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან, ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება აგრესიის და სიძულვილის გაღვივების, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ასე თანასწორად იმოქმედა შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა.
ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას - ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას." - თქვა კობახიძემ მედიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ამ ხაზის გაგრძელებაა, როდესაც მსგავსი ფაქტების შემდეგ ისმის ხოლმე რასა იუკნევიჩიანეს და ცალკეული დეპუტატების მხრიდან, რომ "საქართველოში დემოკრატია დასამარდა?", კობახიძემ უპასუხა, რომ ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო.
"ძალიან მარტივად მივყვეთ ფაქტებს, არის ადამიანი, რომელმაც უხეშად დაარღვია კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს, აქ ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვთ.
თან საინტერესოა, რომ ეს ის ადამიანები არიან, ამ შემთხვევაში უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ, პირდაპირ მშრალად ამართლებდნენ და უფრო მეტიც იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული.
აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი, აქ არის ძალიან მარტივი დაკვეთა, დაკვეთა არის ის რომ საქართველოში, გარედან, ხელოვნურად უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, კონკრეტული აგენტურა ასრულებს ამ დავალებას ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული." - თქვა მან კითხვის საპასუხოდ.
22 ივლისს, ფორმულას ჟურლანისტ ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
საქმე ეხება ივანიშვილის წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილ პოსტს. 10 ივლისს სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს პოსტების გამო, სადაც წერდა, "შალვა პაპუაშვილს და ლადო ბოჟაძეს ყ**ს ნუ დაუძახებთო".
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მან კვლავ გამოაქვეყნა პოსტი - "მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ***ბად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს".





