ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის აშშ-ს პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ ბალისტიკური რაკეტების მომგერიებელი შესაძლებლობების კრიზისის წინაშეა. წერილის ასლს ექსკლუზიურად The Kyiv Independent-ი ავრცელებს.
წერილი 25 მაისით არის დათარიღებული.
მიმართვა რუსეთის მასირებული საჰაერო თავდასხმების ტალღის ესკალაციას მოჰყვა. რუსეთი კიევში "გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე" იერიშებით იმუქრება.
"როცა საუბარია საჰაერო თავდაცვაზე, ჩვენ ჩვენს მეგობრებზე ვართ დამოკიდებული. როცა საუბარია ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვაზე, ჩვენ თითქმის სრულად დამოკიდებული ვართ შეერთებულ შტატებზე." - მიმართავს წერილში ზელენსკი ტრამპს.
წერილი ასახავს კიევის მზარდ შფოთვას უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) მეშვეობით შეიარაღების უზრუნველყოფასთან დაკავშრებით. ამ პროგრამით NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის აშშ-ს შეიარაღების შესყიდვას აფინანსებენ.
"PURL-ის პროგრამის ფარგლებში მიწოდებების ამჟამინდელი ტემპი აღარ შეესაბამება იმ საფრთხის რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ რუსული რაკეტებისგან უკრაინის ცის დაცვაში... მე, უკრაინელი ხალხის სახელით, პატივისცემით მივმართავ პრეზიდენტსა და აშშ-ს კონგრესს, დარჩნენ ჩართულები და დაგვეხმარონ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის საშუალების - Patriot PAC-3-ის რაკეტებისა და დამატებითი სისტემების უზრუნველყოფაში, რათა შევაჩეროთ რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა სარაკეტო თავდასხმები" - მიმართავს ზელენსკი ტრამპს.




