რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: უკრაინის იერიშების შედეგად ცენტრალურ რუსეთში უმსხვილესი ნავთობქარხნები შეფერხდა

იერიში კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეეზღუდა საწვავის წარმოება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ოფიციალურ მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობისთვის, აპრილიდან ივლისის ბოლომდე რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა უკვე შემოიღო. 

გამოცემის ცნობით, იმ ნავთობქარხნების ჯამური სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, ყოველწლიურად 83 მილიონ მეტრულ ტონას აღემატება, რაც ყოველდღიურად 238 000 ტონას შეადგენს. 

მონაცემებისა და წყაროების მიხედვით, ეს რიცხვი რუსეთში ნავთობის გადამუშავების მთლიანი სიმძლავრის მეოთხედს შეადგენს. ამასთან, Reuters წერს, რომ აღნიშნული ქარხნები რუსეთში, ჩვეულებისამებრ, ბენზინის 30%-სა და დიზელის დაახლოებით 25%-ს აწარმოებენ. 

უკრაინას რუსეთის სიღრმეში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ხშირად მიაქვს, რათა კრემლს ომის წარმოების გაგრძელება გაურთულდეს. კიევი თვლის, რომ ენერგოინფრასტრუქტურა სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, ვინაიდან ენერგო ობიექტები რუსეთის ომის მანქანას ნავთობითა და ფულით ამარაგებენ.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, 18-19 მაისს ქვეყნის ძალებმა იაროსლავლის ოლქში, მოსკოვის მახლობლად, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობსატუმბ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. 

ამასთან, გენშტაბის მიხედვით, უკრაინული ძალების სამიზნე იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, ხოლო 21 მაისს უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ ღამის საათებში უკრაინამ რუსეთს სამარის ოლქში სიზრანის ნავთობქარხანასაც დაარტყა. 

კომენტარები