ჩვენ ვაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბოლო წლების მოვლენებს, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ არის ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა, დიდწილად, წარმატებულიც არის, სამწუხაროდ. ხდება სიძულვილის დათესვა.
ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებებში სიძულვილი. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა, ბუნებრივია, ჩვენთვის.
ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები. თქვენ იცით, რომ ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც სწორედ რომ სიძულვილის ენას და სიძულვილის დათესვას უპირისპირდება. თუმცა ამასთან ერთად, კანონმდებლობასთან ერთად, არის საჭირო აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც. ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე.




