CBS News საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ და უკრაინამ მემორანდუმი მოამზადეს, რომელშიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სექტორში პოტენციური ახალი გარიგების პირობებია განსაზღვრული.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლჰა სტეფანიშინას, მიერ ერთობლივად შედგენილი დოკუმენტი თავდაცვაში შეთანხმების დადებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რაც საბოლოოდ უკრაინას აშშ-ში სამხედრო ტექნოლოგიის ექსპორტისა და ამერიკულ კომპანიებთან ერთად დრონების ერთობლივად წარმოების საშუალებას მისცემს.
CBS-ის მიხედვით, ირანთან აშშ-ისრაელის ომის განმავლობაში უკრაინამ რუსეთთან ომის შედეგად ქვეყნის სამხედრო და თავდაცვის სექტორში მიღწეული ინოვაციები გამოიყენა და ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონებისგან აშშ-ს მოკავშირეების დასაცავად პილოტები და დრონსაწინააღმდეგო ტექნოლოგია გაგზავნა.
მას შემდეგ კი უკრაინამ საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავდაცვის სფეროში გარიგებები დადო, ხოლო უკრაინელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მუშაობა სხვა შეთანხმებებზეც მიმდინარეობს.
"თითქმის 20 ქვეყანა ამჟამად სხვადასხვა ეტაპზეა ჩართული: 4 შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და ახლა ამ გარიგებების ფარგლებში პირველი კონტრაქტები მზადდება," დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ დრონების მხრივ აშშ-სთან თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს მოიტანს, რადგან ამერიკული დაფინანსება ორივე ქვეყანას წარმოების გაფართოებაში დაეხმარება.
აქამდე აშშ-სთან დადებული ე.წ. "მინერალების შეთანხმების" ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის სექტორის ტექნოლოგიურმა კომპანიამ პირველ ეკონომიკურ გარიგებას მიაღწია. გამოცემა Kyiv Independent წერდა, რომ აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის მხრიდან მიმდინარე წელს დაგეგმილი სამი ინვესტიციიდან პირველი უკრაინულ ორმაგი მოხმარების ტექნოლოგიურ კომპანიას, Sine Engineering-ს ერგება, რომელიც სატელიტისგან დამოუკიდებელი სანავიგაციო პროგრამული უზრუნველყოფით გახდა ცნობილი, რაც დრონებს GPS-ისგან დამოუკიდებლად ფრენის საშუალებას აძლევს.
ამასთან, რამდენიმე უკრაინულმა კომპანიამ ტექნოლოგიის აშშ-ში გატანა უკვე დაიწყო. მარტში უკრაინის ერთ-ერთმა უდიდესმა დრონების მწარმოებელმა კომპანია General Cherry-მ ამერიკულ სამხედრო მწარმოებელ Wilcox Industries-თან უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) წარმოებაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
პენტაგონმა ასევე უკრაინული კომპანიები "დრონების დომინირების ინიციატივაში" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რაც $1.1 მილიარდის ღირებულების პროგრამას წარმოადგენს და მისი მიზანი აშშ-ს არმიასთან კონტრაქტების დადების მიზნით დრონების იდენტიფიცირებაა.
ამის მიუხედავად, CBS News-ს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ დრონებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ს ომის დეპარტამენტსა და თეთრ სახლში გავლენიანი მაღალჩინოსნების მხრიდან ენთუზიაზმის ნაკლებობა შენიშნეს. თავის მხრივ, ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ მისი მთავრობა სამხედრო აღჭურვილობაზე საექსპორტო შეზღუდვებს მხოლოდ მას შემდეგ შეამსუბუქებს, როცა კიევი დარწმუნდება, რომ უკრაინული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და მათ უკრაინის თავდაცვისთვის საკმარისი მარაგების მიწოდება შეუძლიათ.
თუმცა, CBS News ასევე წერს, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის მომზადებული მემორანდუმი, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ ზელენსკის მიერ ნახსენები დაბრკოლებები, შესაძლოა, აღარ წარმოადგენდეს პრობლემას.
"ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის გარდა, ჩვენ მალე დრონებზე შეთანხმებების ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში ახალ თანამშრომლობას წამოვიწყებთ მსოფლიოს კიდევ ერთ ნაწილშიც," განაცხადა ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში: "ჩვენ უკრაინისთვის პოზიტიურ ამბებს ვამზადებთ." – დაამატა მან.




