რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ლატვიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ლატვიაში ჩამოვარდნილი დრონის შედეგად დაზიანებული ნავთობის საცავი ობიექტი, 7 მაისი, 2026
REUTERS/Janis Laizans

10 მაისს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, 7 მაისს, რუსეთიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეფრენილი უკრაინული დრონები ნავთობობიექტებზე ჩამოვარდა.

მანამდე სპრუდსის გადადგომა ლატვიის პრემიერმინისტრმა, ევიკა სილინიამ მოითხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ დრონსაწინააღმდეგო სისტემები საკმარისი სისწრაფით არ იყო გამოყენებული. სილინიამ ახალ თავდაცვის მინისტრად რაივის მელნისი დანიშნა. 

7 მაისს ლატვიამ და ლიტვამ NATO-ს რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან შეფრენილი დრონები ლატვიაში ნავთობობიექტთან აფეთქდნენ. 

მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ დრონები უკრაინული იყო და ისინი ლატვიაში "რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებების" შედეგად შეფრინდნენ, რის ფარგლებშიც "რუსული სამიზნეებისკენ გაშვებულ უკრაინულ დრონებს მისამართი შეუცვალეს". 

სიბიჰას თქმით, ინციდენტის პასუხად უკრაინა ექსპერტების გაგზავნას განიხილავს, რათა ბალტიის ქვეყნების თავზე საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. 

კომენტარები