ბრალი აღიარა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ – ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი

ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. ადვოკატის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

მჭედლიშვილის თქმით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობას მოაწერა ხელი. 

"ვიცავ გუშინ დაკავებული სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთ პიროვნებას. ბრალი მოიცავს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხის მე-3 ნაწილს, თუმცა დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმის გათვალისწინებით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდული ვარ. მან ბრალი აღიარა ბრალის წარდგენისას. დიდი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, დეტალებზე, თუ რა ჩვენება მისცა, რა თქვა და ა.შ. ვერ ვისაუბრებ.[...]

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმის მასალებიც არ მაქვს ჯერ გადმოცემული, ამიტომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. გუშინ იყო ჩემი თანდასწრებით გამოკითხვა ქალაქის პროკურატურის შენობაში და შემდეგ დააკავეს". - განაცხადა ადვოკატმა ინტერპრესნიუსთან.

მისივე თქმით, "ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე ბრძანება გასცა, ან დაავალა, მას არ უხსენებია“. 

პროკურატურის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 1 მოქმედი თანამშრომელი. 

კომენტარები