ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: როდესაც ვხედავთ დარღვევას, აუცილებელია რეაგირება

გუშინ დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობა, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას. ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია ვიმოქმედოთ ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ სცენარებს და ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტანდარტის და ხელწერის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება.

კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცველ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც 2022-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 ძალადობრივი მცდელობა.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები