სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უკრაინისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილის გადაცემას აპირებს.
ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჰოვანეცმა განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ შესაძლოა პუტინისგან მიიღოს "ღირებული ინფორმაცია" იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ის ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
"ვფიქრობ, ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია, ხოლო ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ისინი იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ, სადაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება" - დაამატა მან.
ჰოვანეცმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან, დაიწყო იმ იდეის მხარდაჭერა, რომ რუსეთის ლიდერთან ამ თემაზე საუბარი აუცილებელია.
რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.





