გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი სპეცრაზმელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ ისინი შიგნიდან დაასმინეს.
"ჩაშვებულია, აბა რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. ალბათ [შიგნიდან ჩაუშვეს] ლიჟბი თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ, ეგეთი რაღაც გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში იყვნენ [...] იდენტიფიცირება მოხდა რომ? არც ვიცი. კარგად ხედავდით, ეს ადამიანები როგორ იყვნენ შენიღბულები - ფორმა და აღჭურვილობა როგორცაა [...]
მე 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი - მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია, რომ ან ვინმე მოკალი, ან ვინმეს სცემეო. კარგად იცით, რამდენი მინისტრი და მთავრობა გამოვიცვალეთ. მსგავსი რამ არც დღეს ყოფილა. იყო დანაშაული და გადაცდომა? მე პირადად მზად ვარ, ყველაფერზე პასუხი ვაგო. არც მე გამიცია მსგავსი ბრძანება, რომ ვინმეს წაქცეული ეცემა და ეგეთი რაღაცები, რაც ცუდი იყო, გაეკეთებინათ. ეს არც ჩემთვის არავის დაუვალებია". - თქვა ხარაზიშვილმა TV პირველთან სატელეფონი საუბარში.
პროკურატურის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 1 მოქმედი თანამშრომელი.





