დაკავებული სპეცრაზმელები

მაჭავარიანი: დარწმუნდა ხალხი, რომ ოცნების პირობებში სამართალდამცავობა ინდულგენცია არ არის

პირველი დღეებია, რაც [მდინარაძე] შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას და მოვალეობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე და ვიხილეთ, რომ რასაც დაგვპირდა, რამდენიმე დღეში მან შეასრულა. ეს გამოძიება დიდი ხანი მიმდინარეობდა, რადგან ძალიან სენსიტიური თემა იყო. [...]

ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, რომ ქართული ოცნების პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც რაღაც თანამდებობა, არც გუნდის წევრობა, არც სამართალდამცავობა და ა.შ. ვინაიდან ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. დაკავებულები არიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენი გუნდელები, ამ შემთხვევაში სამართალდამცავები - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არღვევს კანონს. [...]

მეორე მხარე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მოიქცნენ ძალიან ამორალურად, მსუბუქად რომ შევაფასოთ, და მძიმე დაზიანება მიაყენეს იმ პირებს, რომლებიც თქვენ უკვე დაასახელეთ. თუმცა არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართულებითაც... სამართალდამცველები, ჩვენი პოლიციელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები - ისინი არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ისინი არ ემსახურებიან კონკრეტულად რომელიმე ხელისუფლებას ან მთავრობას, ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თავისი ცხოვრების რისკის ფასად მუშაობენ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება.

ხოლო როდესაც ასეთი ამორალური და უპასუხიმგებლო, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მსუბუქად ვაფასებ, ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და შემდეგ აძლევენ საბაბს რაღაცა დაჯგუფებას ჩვენს ქვეყანაში, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული, სამთავრობო, პროპაგანდისტული იმედის ეთერში.

პროკურატურის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 1 მოქმედი თანამშრომელი.

კომენტარები