რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უცნაური სურვილია, არ გირჩევთ – ზელენსკი 9 მაისს უცხოელების მოსკოვში ჩასვლაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, გაგზავნონ წარმომადგენლები მოსკოვის 9 მაისის აღლუმზე, "უცნაური სურვილი" უწოდა და ასეთ ქვეყნებს მიმართა, რომ ამის გაკეთებას არ ურჩევს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინის შეთავაზებული სამშვიდობო წინადადება დაარღვია.

"უკრაინა რუსეთს სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტას და ეს უკვე პირველი შეთავაზება არაა. ამჯერად ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან [ვთავაზობდით]. უკრაინა მზად იყო უზრუნველეყო სრული სიმშვიდე, მაგრამ ჩვენი სამშვიდობო შეთავაზების პასუხად მხოლოდ ახალი რუსული იერიშები მივიღეღ, ახალი მუქარა რუსეთის მხრიდან." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს "ნებართვა აღლუმის ჩასატარებლად", რათა წითელ მოედანზე უსაფრთხოდ "წელში ერთი საათით" გამოვიდნენ, შემდეგ უკრაინელი ხალხის ხოცვა გააგრძელონ.

"რუსები უკვე ლაპარაკობენ იერიშებზე 9 მაისის შემდეგ. რუსეთის ხელისუფლების უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკაა. არის მომართვები რამდენიმე რუსეთთან დაახლოებული სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ყოფნას აპირებენ. უცნაური სურვილია... ასეთ დღეებში. ამას არ გირჩევთ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

აქამდე ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ წელს რუსეთს 9 მაისის აღლუმზე პარტნიორი ქვეყნების ლიდერები არ დაუპატიჟებია, თუმცა რამდენიმემ პარადის დასწრების სურვილი თავისი ნებით გამოთქვა. აღლუმს დაესწრებიან სამი ქვეყნის: ბელარუსის, მალაიზიისა და ლაოსის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერები. მოსკოვში ჩასვლას გეგმავს სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცოც, თუმცა აღლუმს არ დაესწრება.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

წელს რუსეთი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კრემლმა პირველად არ დაპატიჟა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8-9 მაისს მოსკოვში ინტერნეტი სრულად გაითიშება.

 

კომენტარები