წელს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრებას მხოლოდ სამი ქვეყნის ლიდერი აპირებს. აღლუმს ბელარუსის, მალაიზიისა და ლაოსის ლიდერები დაესწრებიან. მოსკოვში ჩავლენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ლიდერებიც.
კრემლში ირწმუნებიან, რომ სტუმრები მოსკოვში საკუთარი ნებით ჩადიან.
"წელს არ გაგვიგზავნია სპეციალური მოწვევები, მაგრამ რამდენიმე უცხოელმა მოხელემ გამოთქვა სურვილი, ესტუმრონ მოსკოვს ამ სადღესასწაულო დღეების დროს და ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად მიიღონ მონაწილეობა 9 მაისის შესაბამის ღონისძიებებში." - თქვა ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
მოსკოვში 9 მაისს ჩასვლას გეგმავს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცოც, თუმცა ის სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.
წელს რუსეთი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კრემლმა პირველად არ დაპატიჟა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8-9 მაისს მოსკოვში ინტერნეტი სრულად გაითიშება.





