რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის ტერიტორიიდან გამოფრენილი ორი დრონი ლატვიაში ჩამოვარდა, დაზიანდა ნავთობის საცავი

   
   

ლატვიის არმია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთის ტერიტორიიდან გამოფრენილმა ორმა დრონმა დაარღვია, რის შემდეგაც დრონები ჩამოვარდნენ და ნავთობის საცავი დააზიანეს.

დრონების ზუსტი წარმომავლობა ჯერ უცნობია, თუმცა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ ისინი, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაშვებული დრონები იყვნენ.

მისივე თქმით, ადგილზე NATO-ს მრავალეროვნული ბალტიის საჰაერო პოლიციის მისიის სამხედრო თვითმფრინავები გამოიძახეს.

პოლიციის და მეხანძრეების განცხადებით, 7 მაისის დილას, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, რეზეკნეში მდებარე საწყობში ოთხი ცარიელი ნავთობის ავზი დაზიანდა, ხოლო ადგილზე, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები იპოვეს.

ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას დრონების გამოყენების შესახებ განგაში გაუგზავნა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, 7 მაისს რეზეკნეში ყველა სკოლა დახურული იქნება.

 
 

კომენტარები