ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყნის განცხადებას ეხმაურება და მათ "თავისუფალი მედიის მკვლელებს" უწოდებს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ონლაინმედიები ევროკავშირის პროპაგანდის ინსტრუმენტებია და თავისი დაფინანსებით "კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას".
"გუშინაც ჩვენ ვიხილეთ ბრიტანეთის საელჩოს სტატია, რომელსაც რამდენიმე სხვა საელჩოც უერთდებოდა - ეს არის სწორედ ის ფარისევლობა, რომელსაც დღითი დღე ვაკვირდებით ბრიუსელიდან და ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან, როდესაც თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ, როგორც თავისუფალი მედიის ჭირისუფლები. სინამდვილეში, ისინი ვინც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, ისინი, ვინც მედია აქცია პროპაგანდის ინსტრუმენტად დღეს წარმოაჩენენ თავს ისე, თითქოს არიან მედიის დამცველები.
და ამის ბევრი მაგალითია. მაგალითია, რომ ბრიტანეთის საელჩო წუხს თურმე მედიაზე და მედიის თავისუფლებაზე. საელჩო, რომელიც ცდილობდა, რომ პარტიული პროპაგანდის მანქანა დაეფინანსებინა, ვგულისხმობ ტაბულას, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პარტიის კედლის გაზეთი. ევროკავშირი, რომელიც საქართველოში აფინანსებს ზოგიერთ ე.წ. ონლაინგამოცემას, სინამდვილეში კი ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება არის, რომელიც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იქცევს, იმორჩილებს საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში. ასე რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს". - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ, 2025 წლის 11 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ იყო დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.
საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.





