უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გასულ ღამეს რუსეთზე იერიშებისთვის უკრაინული წარმოების F-5 ფლამინგოს ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა წმ. ბარბარეს სახელობის მე-19 სარაკეტო ბრიგადის ვიდეო, რომელშიც ფლამინგოს ტიპის რაკეტების გაშვების კადრებია ასახული.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ იერიში მიიტანეს ჩუვაშეთის რესპუბლიკაში, ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო საწარმოზე.
"ჩვენი შორი მოქმედების სანქციები რუსეთის დარტყმების პასუხად სრულიად სამართლიან მოქმედებას აგრძელებს.
გასულ ღამეს, შეიარაღებული ძალების Deep Strike-ის ფარგლებში, F-5 Flamingo-ს ფრთოსანი რაკეტები გავუშვით მტრის რამდენიმე ობიექტის წინააღმდეგ, მათ შორის ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმართულებით." - თქვა ზელენსკიმ.
"უკრაინულმა ფლამინგოებმა 1500 კილომეტრზე მეტი დაფარეს." - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩებოქსარის საწარმოში მზადდებოდა ელექტრონული მოწყობილობები და სანავიგაციო დანადგარები, რომლებითაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სარაკეტო ინდუსტრია და ავიაცია მარაგდებოდა.
აქამდე ტელეგრამ არხი Astra წერდა, რომ უკრაინამ ჩუვაშეთის რესპუბლიკაში, ჩებოქსარიში მდებარე საწარმო "პროგრესს" რაკეტით დაარტყა. ქალაქზე უკრაინამ განმეორებითი იერიში გამთენიისას დრონებითაც მიიტანა.





