რუსეთმა უკრაინის პოლტავის ოლქში მდებარე "ნაფტოგაზის" ობიექტებზე იერიშები მიიტანა. დაღუპულია 5 ადამიანი - ენერგოობიექტის სამი თანამშრომელი და ორი მაშველი. დაშავებულია 37 პირი.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების იერიშებს ბუნებრივი აირის წარმოების მნიშვნელოვანი დანაკარგი მოჰყვა.
გაზმომარაგების გარეშე დარჩა 3 500-მდე ადამიანი.
უკრაინის განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურის მაშველები განმეორებითი იერიშის დროს დაიღუპნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაწერა, მათ შორის არის უკრაინის გმირის წოდების მქონე ვიქტორ კუზმენკო.
"აბსოლუტური ცინიზმია, ითხოვდე ცეცხლის შეწყვეტას პროპაგანდისტული დღესასწაულის ჩასატარებლად და თან რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიგქონდეს აქამდე ყოველ დღე. ყოველ დღე რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა და ეს შეაჩერებს ომსა და ჩვენს საპასუხო დარტყმებს. საჭიროა მშვიდობა და ამისთვის საჭიროა რეალური ნაბიჯები. უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს." - დაწერა ზელენსკიმ.
რუსეთის იერიშების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში.





