FT: აშშ-მ ევროპა გააფრთხილა, რომ ირანთან ომის გამო მათთვის იარაღის მიწოდება შეფერხდება

Celal Gunes / Anadolu via Getty Images file

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია მათთვის ამერიკული იარაღის მიწოდების დაგვიანება იმ ფონზე, როცა აშშ ირანთან ომით შემცირებული მარაგების შევსებას ცდილობს.

საკითხზე ინფორმირებული წყაროების მიხედვით, პენტაგონმა მოკავშირე ქვეყნებს განუცხადა, რომ რამდენიმე სარაკეტო სისტემების მიწოდების მხრივ სერიოზული შეფერხებების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. ორმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბრები აზიის ქვეყნებში დაგეგმილი იარაღის ექსპორტის გადავადებაზეც.

გამოცემის ცნობით, შეფერხებები გარკვეულწილად განპირობებულია აშშ-ს ინვენტარის დონესთან დაკავშირებით პენტაგონში არსებული შეშფოთებით, მას შემდეგ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-მ ირანის წინააღმდეგ დიდი ოდენობის შეიარაღება გამოიყენა. 

FT წერს, რომ შეფერხება HIMARS-ის, NASAMS-ისა და სხვა ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების მიწოდებას შეეხება. 

აშშ-ს მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებიც NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას იყენებენ, მოიცავს ტაივანს, ნორვეგიას, ფინეთს, ესპანეთს, ნიდერლანდებს, ლიტვას, ინდონეზიას, ავსტრალიას, უნგრეთს, უკრაინას, დანიას, კატარსა და ომანს. ხოლო Lockheed Martin-ის მიხედვით, HIMARS-ის სისტემას აშშ-ს პარტნიორი 14 ქვეყანა იყენებს, მათ შორის, ტაივანი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ავსტრალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამასთან, Financial Times-ის წყაროები ამბობენ, რომ შეფერხებების მიზანი არ არის ევროპელი ქვეყნების დასჯა, არამედ ეს პრობლემა მარაგებთან დაკავშირებით პენტაგონის შეშფოთებას ასახავს. 

თუმცა, გამოცემა ასევე წერს, რომ იარაღის მარაგებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა უკვე უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინაზე. გამოცემასთან საუბრისას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების კუთხით შეფერხებები გაჩნდა. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაგვიანებული მიწოდების გამო რუსეთის სარაკეტო იერიშების დროს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარები ზოგჯერ ცარიელია. 

კომენტარები