რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი: მელანია რუსეთის მიერ გატაცებული 26 ბავშვის დაბრუნებაში დაგვეხმარა

აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპი

30 აპრილს უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპის დახმარებით უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 26 უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა.

ლუბინეცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს პირველი ლედი გატაცებული ბავშვების დაბრუნების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა

"ის ძალიან გვეხმარება... ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ჩართულობა ამარტივებს ჩემთვის [რუსეთთან მოლაპარაკებებს]" - თქვა ლუბინეცმა.

ლუბინეცის თქმით, რუსეთს "არ შეუძლია აირიდოს" პასუხის გაცემა უკრაინის მოთხოვნებზე, როცა ისინი აშშ-ს მეშვეობით გადაიცემა. მან დაამატა, რომ უკრაინა ამ საკითხზე ყოველკვირეულ მოლაპარაკებებს მართავს პირველ ლედისთან.

მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე 2025 წლის აგვისტოში წერილი გაუგზავნა, რომელშიც პუტინს უკრაინელი ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას სთხოვდა. მელანიას წერილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინს ალასკაში შეხვედრისას თავად გადასცა.

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რუსეთის მიერ 20 500-ზე მეტი მოტაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ დაახლოებით 2 100-ის დაბრუნება შეძლეს - ხელისუფლების ვარაუდით, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია, უკრაინის ომბუდსმენის მონაცმებით, საოკუპაციო ძალებს 150 000-მდე ბავშვი ჰყავთ გატაცებული.

კომენტარები