უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს პოზიცია რუსეთს ეხმარება და აშშ-ს ასუსტებს.
"თუ ჯეი დი ვენსი ამაყობს იმით, რომ არ გვეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ის რუსებს ეხმარება და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აშშ-ს აძლიერებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
"რუსეთი მტერია. ის ყოველთვის აშშ-ს მტერი იქნება," - თქვა მან.
ჯეი დი ვენსმა საჯაროდ დაიცვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის პირდაპირი მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება.
"ეს ერთ-ერთი რამაა, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ... ჩვენ ევროპას ვუთხარით , რომ თუ იარაღის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ, მაგრამ აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში," - განაცხადა ვენსმა აპრილში.





