რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გამოვლენილ ქსელში, რომელიც EU-ში რუსეთის დაკვეთით მკვლელობებს ასრულებდა, ქართველებიც არიან

უკრაინისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივი საერთაშორისო ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოაშკარავდა რუსეთის მიერ დაფინანსებული ქსელი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით მძიმე დანაშაულების, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობების ჩადენას გეგმავდა. დაკავებულთა 13-კაციან ჯგუფში არიან ქართველებიც.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2024 წლის აგვისტოდან რუსეთის სპეცსამსახურები შუამავლების გამოყენებით ევროკავშირის ქვეყნებში ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ლიტვაში შეკვეთილი მკვლელობები - სამიზნეები იყვნენ რუსი დისიდენტი, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, და ლიტვის მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერით არის ცნობილი. ჯგუფი ახორციელებდა ფარულ თვალთვალს და აგროვებდა დეტალურ ინფორმაციას სამიზნეების გადაადგილების მარშრუტებზე.

ქსელში ჩართული იყო ათობით პირი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ქსელის წევრებს ხშირად შუამავლების მეშვეობით ქირაობდნენ, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირებს, ხოლო დაფინანსება ფარული არხებით ხდებოდა, ყალბი დოკუმენტებისა და სხვა პირებზე გახსნილი ანგარიშების გამოყენებით.

ლიტვამ ბრალი წაუყენა 13 პირს - ცხრა დაკავებულია, ოთხის მიმართ კი გაცემულია ევროპული დაპატიმრების ორდერი, ხოლო ზოგიერთი ეჭვმიტანილი უკვე ექსტრადირებულია.

შემდგომმა გამოძიებამ გამოავლინა ქსელის უფრო ფართო საქმიანობა ევროპის მასშტაბით, მათ შორის დივერსიების დაგეგმვა, უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე ინფორმაციის შეგროვება და პროვოკაციების, მათ შორის ინფრასტრუქტურის დაწვის, მომზადება.

კომენტარები