Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთი ავიაკომპანია შეიძლება გაკოტრდეს, თუ საავიაციო საწვავის ფასები მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
"თუ ფასები ამ ზაფხულს ხანგრძლივად დარჩება მაღალი, ვფიქრობთ, რომ ჩვენი რამდენიმე კონკურენტი ევროპაში სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შეეჯახება" - განაცხადა ო’ლირიმ სამშაბათს, ოსლოში გამართულ კონფერენციაზე CNBC-სთან საუბრისას. "ფასები მარტიდან მკვეთრად გაიზარდა. მარტში Jet A-1 დაახლოებით 80 დოლარი ღირდა ბარელზე. ახლა კი 150 დოლარია" - დაამატა მან.
ევროპაში საავიაციო საწვავის ფასები დაახლოებით ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანზე თავდასხმები განახორციელეს, ხოლო თეირანმა საპასუხოდ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რომლის გავლითაც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადაადგილდება.
ავიაკომპანიები უკვე გრძნობენ ზეწოლას. Lufthansa-მ გასულ სამშაბათს განაცხადა, რომ ოქტომბრამდე 20,000 მოკლე რეისს გააუქმებს, რათა "40,000 მეტრიკული ტონა საწვავი" დაზოგოს. SAS Scandinavian Airlines-მა ბოლო დღეებში დაახლოებით 1,000 რეისი გააუქმა, ხოლო Air France-KLM-მა შორ მანძილზე ფრენების ბილეთებზე 100 ევროს დამატებითი გადასახადი დააწესა.





