სურსათის მაღალი ფასები

ნაციონალური მოძრაობა მაღალ ფასებთან დაკავშირებით ოცნებას დებატებს სთავაზობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას დებატებს სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, ლაშა ფარულავამ გააკეთა.

"გუშინ ირაკლი კობახიძემ ფასებით მანიპულაცია დაიწყო. ქართულ ოცნებას ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს - არანაირი ინიციატივა, გეგმა და ანტიკრიზისული ხედვა. ქართულ ოცნებას ქართველი ხალხისთვის არაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია, რადგან მაღალი ფასების უკან მათი კორუფციული ინტერესი, კორუფციული წილი დგას. სწორედ ამიტომ გააძვირეს დენის ტარიფი, სწორედ ამიტომ არის მაღალი ფასები საწვავზე და სწორედ ამის გამო უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფლად.

ამიტომ, ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს ვთავაზობთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის [...] იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფისკალურ ეფექტს გამოიწვევს ჩვენი ინიციატივები, თუ რა კონკრეტულ შედეგს მიიღებს საქართველოს მოქალაქე, მზად ვართ, ამაზე ნებისმიერ ოპონენტს ვედებატოთ". - თქვა ფარულავამ.

28 აპრილს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასებზე თქვა, რომ "რა ფასებიც იყო 1 თვის წინ, იგივეა შენარჩუნებული".

"გაძვირება არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია [...]

ვაკვირდები ხოლმე [ფასებს], ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო 1 თვის წინ, იგივეა შენარჩუნებული, განსაკუთრებით ძირითად პროდუქტებზე" - თქვა კობახიძემ.


TV პირველის ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სოფლის კვერცხი 85 თეთრი ღირს, კობახიძემ უპასუხა: "რა 85. რა სოფლის და ქალაქის. წაგიყვანოთ და 4.60-ად გაყიდინოთ 10 კვერცხი?!. მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში"

კომენტარები