უკრაინა-აზერბაიჯანი

ზელენსკი: აზერბაიჯანში ხელი მოვაწერეთ 6 დოკუმენტს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ექვს ორმხრივ დოკუმენტს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს ხელი მოვაწერეთ ექვს დოკუმენტს. დეტალებს ჩვენი გუნდი მოგვიანებით აუცილებლად გაგიზიარებთ. სხვადასხვა მიმართულებებია." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, პრიორიტეტულია უსაფრთხოებისა და სამხედრო მრეწველობის კომპლექსის მიმართულებები. მან აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს საკუთარი ომის გამოცდილებას სხვებს უზიარებს.

ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საჰაერო თავდაცვის უკრაინელი ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც აზერბაიჯანს, აშშ-ირანის ომის ფონზე, ცის დაცვაში გამოცდილებას უზიარებდნენ.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ, რუსეთის მზადყოფნის შემთხვევაში, აზერბაიჯანში შესაძლებელია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევატყობინეთ, რომ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თურქეთში. შემდეგ ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით ჩატარდა შვეიცარიაში. დიპლომატიისთვის რუსეთის მზადყოფნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში ჩავატაროთ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა უკრაინასთან ერთობლივი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"გავცვალეთ შეხედულებები სამხედრო-ტექნიკურ კოოპერაციაზე და აქაც მრავალი პოტენციალია. როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრაინაში, ვითარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ერთობლივი წარმოებისა და ზოგადად, სამრეწველო სექტორში ერთობლივი წარმოებისთვის." - თქვა ალიევმა.

ალიევის თქმით, გასულ ოთხ წელში აზერბაიჯანისა და უკრაინის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა. 

კომენტარები