ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ექნებათ შესაძლებლობა ჰერჩინსკის თბილისში შეხვდნენ.
"დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ მას, როდესაც ის ბრიუსელიდან დაბრუნდება.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია მუდმივად უგულებელყოფა ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის.
მაშინ, როდესაც ასე ხშირად ხდება ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება და ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები." - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა ელჩს საგარეოში, ბოჭორიშვილმა უპასუხა, "დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება."
ცნობისთვის, 23 აპრილს, ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში განისაზღვრება, საქართველო "ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება."
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება." – თქვა ჰერჩინსკიმ, რომლის განცხადებასაც გამოცემა "ნეტგაზეთი" ციტირებს.





