აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმნის ცა დაიკეტა, ტერიტორიაზე რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა გადიოდა

დღეიდან, 16 აპრილიდან ძალაში შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ 9 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც აბასთუმნის საჰაერო ცას თვითმფრინავებისთვის კეტავს. განისაზღვრა დაახლოებით 52-კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იზღუდება. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.

საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ აკრძალვის დანიშნულება "ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა", თუმცა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთებოდეს. 

კერძოდ, რადიო თავისუფლებას წყაროებმა საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან უთხრეს, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა “ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია. ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბასთუმანში ეკუთვნით ათასობით კვ.მ. მიწა, საცხოვრებელი სახლები, მშენებარე სასტუმრო. ივანიშვილი ასევე ფლობს ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.

"საქაერონავიგაციის დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.

ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს" - წერს გამოცემა.

რადიო  თავისუფლებას ვრცელ საგამოძიები პუბლიკაციაში მოყვანილი ჰყავს წყარო, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს. 

“საქართველო იყენებს ე.წ. თავისუფალი მარშრუტების სისტემას (FRA) — ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავები არ არიან მიბმული კონკრეტულ "ჰაერის გზებზე“ და შეუძლიათ პირდაპირ, უფრო მოკლე გზით იფრინონ.

ამ ცვლილებით, გარკვეული არეალის ჩაკეტვით, ქრება პირდაპირი, ოპტიმალური მარშრუტები. ფრენები ისევ იძულებით გადადის წინასწარ განსაზღვრულ ტრასებზე. თანამედროვე, მოქნილი სისტემა ნაწილობრივ ბრუნდება ძველ, შეზღუდულ მოდელზე.

იზრდება საჰაერო მეთვალყურეების (რასაც ჩვენთან “დისპეტჩერებს” ეძახიან) დატვირთვა, იზრდება მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცის დატვირთვაც. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრენების დაგვიანება, გამტარუნარიანობის შემცირება. ბევრი თვითმფრინავი იყრის თავს ვიწრო „დერეფნებში“, იზრდება მარშრუტების გადაკვეთის რაოდენობა, ლოკალურად (ზონაში) უსაფრთხოების რისკიც იზრდება.” - ეუბნება წყარო რადიო თავისუფლებას.

ამასთან, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გამოცემას უთხრა, რომ ფრენების აკრძალვა დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროს კიდემდე ობსერვატორიის მოთხოვნა იყო. შესაბამისი წერილი მან რადიო თავისუფლებასაც გაუგზავნა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ცის სრული ჩაკეტვა GND-UNL (მიწიდან - უსასრულობამდე, განუსაზღვრელად) საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიის გარშემო ვრცელდება. 

კომენტარები