ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია."
პაპუაშვილმა თქმით, ეს იყო კიდევ ერთი "საპნის ბუშტი", რომელიც გაუსკდა ოპოზიციას, თუმცა შედეგად ხელში შერჩათ "ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე", რომელთაც პოლიტიკურად ვერ დაეხმარებიან და რომ მათ "სხვა სახის დახმარება სჭირდებათ."
"აბსოლუტური ისტერიაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს.
ის კადრები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - ქცევა, შეჭრა, თავდასხმა არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და თან ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ.
ვნახეთ სააგენტოს დეტალური განმარტებები და კარგია, რომ დეტალურად საათობრივად ხდება მითითება, სად, როგორ, რანაირად, რომელი ძაღლის აყვანა ხდება, რაზე დამუშავება, სად ხდება დაბრუნება. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო."- თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ "გატაცებულ ცხოველებს" თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, "შესაბამისი პროცედურების შემდეგ" გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, "საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს".
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
"ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში", — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
1 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქის თქმით, გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე ცხოველებს წვავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმაც გაავრცელა. სურსათის სააგენტომ აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი და "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.
2 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, განაცხადა, რომ მიუღებელია ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება.
გუშინვე, ცხოველთა დამცველები და აქტივისტები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიკედლებული ძაღლების სანახავად მივიდნენ. მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეოები, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ თავშესაფარში არის ანტისანიტარია და ვეტერინარები შესაბამის ყურადღებას დროულად არ აქცევენ იქ მყოფ ძაღლებს.
თბილისის მერიის განცხადებით, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ შენობაში. მათი თქმით, ამან ხელი შეუშალა ვეტერინარების მუშაობას, შეიჭრნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყვნენ დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.





