მიუსაფარი ძაღლები

სეს: გავაძლიერებთ კომუნიკაციას, ცხოველს გადავიყვანთ პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას თქმით, ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს მხოლოდ სამ ლოკაციაზე - კახეთი, იმერეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სეს-ში გამართულ ბრიგინგზე ჩალიგავამ თქვა, რომ ჩატარდა სატესტო გასვლები და გამოვლინდა "რიგი საჭიროებები".

ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ "მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან". მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, "ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ".

"აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება ჩაბარების საფუძველზე, ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნება მოხდება იმავე ლოკაციაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით. ეს ყველანაირად გამორიცხავს ყველანაირ კითხვის ნიშანს და შესაბამისად, საზოგადოების ნებისმიერი წევრი ინფორმირებული იქნება აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობაზე.

გასვლები იყო სატესტო, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ გამოვლენილიყო ყველა ის საჭიროება, რაც იქნება პროგრამის განხორციელების დროს... შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ ის საჭიროება, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია, რაც მოხსნის ყველანაირ კითხვებს და საკითხის ინტერპრეტაციას საშუალებას [არავის] არ მისცემს. დაიგეგმა ის, რომ წინასწარ, გრაფიკის შესაბამისად მოხდება ნებისმიერი ცხოველის გადაყვანა და ეს საკომუნიკაციო საშუალებებით განთავსდება შესაბამის სოციალურ ქსელში. სურვილის შემთხვევაში ყველას ექნება საშუალება, წინასწარ იცოდნენ, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები, ვიღაცამ ეს იცოდა თუ არა. ეს გამორიცხავს, რომ შემდეგში აღარ მოხდეს იგივე გაუგებრობა, რაც მოხდა ზუგდიდის შემთხვევაში" - ამბობს ჩალიგავა.

ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კომუნიკაცია მოხდება პასუხისმგებელ პირთან, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველი არ საჭიროებს ვაქცინაციას. 

"ბირკა არ არის გარანტია იმისა, რომ ცხოველი არის ვაქცინირებული, შესაძლოა, იმუნიზაციის პერიოდი გასული ჰქონდეს. შესაბამისად, თუ გვეტყვის, რომ სჭირდება ვაქცინაცია, ჩაუტარდება ვაქცინაცია, თუ გვეტყვის, რომ უკვე ვაქცინირებულია, მაშინ არ შევეხებით. ამას ითვალისწინებს კომუნიკაცია. ყველა აქტივობა შეთახმებული იქნება.

სატესტო რეჟიმი მიმდინარეობს სულ რამდენიმე დღეა, პროგრამა ითვალისწინებს ყველა რეგიონის ჩართვას ეტაპობრივად. ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრს ქმედებები არ განუხორციელებია გორის მუნიციპალიტეტში, საერთოდ შიდა ქართლში" - ამბობს ის.

რაც შეეხება 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ "აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება", თენგიზ ჩალიგავას მტკიცებით, "ერთობლივი კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ძაღლები დაბრუნდნენ იმავე არეალში, ოღონდ მიმდებარედ".

"მითითებულია გარკვეული მაღალსენსიტიური ლოკაციები, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნას არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ მიმკედლებლის მხრიდანაც, ვფიქრობთ, რომ ერთობლივი კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული ძაღლები დაბრუნდნენ იმავე არეალში, ოღონდ მიმდებარედ, ისე რომ მან საფრთხე არ შეუქმნას იქ არსებულ პიროვნებებს, რომლებსაც ან ეშინიათ ან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც, ამ ძაღლებმა შეიძლება დისკომფორტი შექმნან. თუმცა, ვემიჯნებით იმას, რომ ის თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი, საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ" - ამბობს სეს-ის ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია თბილისში, კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა, მომდევნო 4 აპრილს არის დაგეგმილი. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ "გატაცებულ ცხოველებს" თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, "შესაბამისი პროცედურების შემდეგ" გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, "საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს".

აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები  ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.

""ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში", — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები