ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მან ყულევის პოტრზე გააკეთა.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ფიშერმა დაუშვა შეცდომა, როდესაც "თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად" და ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე ისაუბრა.
"ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი აქ და არ სჭირდება მას, გერმანიის და სხვა ქვეყნების მიშველება კომენტარებისთვის.
ამიტომ, თავს უფლებას აძლევს ისაუბრობს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, ჩაანაცვლოს ის, არ ვიცი, შესაძლებელია ჰგონია, რომ მას მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს.
თუ რამე სათქმელი ექნებოდა, არ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის ამის თქმა და არტიკულაცია. ამიტომ, დაუშვა შეცდომა და იმიტომ დაუშვა შეცდომა, რომ გაუხარდა. ეს არის ავი სიხარული, რომელიც მაშინ ამოვიკითხეთ ბატონი პეტერის განცხადებაში და სახეში რომ ქართველებო, ახლა ნახეთ, რა მოუვა თქვენს პორტს. გარდა ამ ავი სიხარულის, დაგვანახა კიდევ ერთხელ, როგორ უხარია რომ რამე ცუდი მოხდეს საქართველოში.
მეორე შეცდომა დაუშვა, რომ მტკიცებულებები არის წარმოდგენილიო და დღემდე ერთი თვითონ თუ აქვს ნანახი ეს მტკიცებულება, კარგი ნუ გვაჩვენებს ჩვენ, ის თქვას ნანახი აქვს რაიმე მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არ აქვს ნანახი იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს.
ჩვენ მოვითხოვეთ, მათ შორის, გახსოვთ თქვენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი მაშინ და მოსთხოვეს მტკიცებულებები, ასევე კომუნიკაცია გვქონდა ბრიუსელთან, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რომ საქართველომ რაიმე სანქცია დაარღვია, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა.
ამის შედეგი იყო ზუსტად ის, რომ საბოლოო ჯამში პროექტიდან ამოღებულია და მივიღეთ ჩვენ წერილი, კორდინატორის მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა ცდილობს ბატონი პეტერი, რომ გაღმა შემოგვედავოს კიდევ იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს რომ ავი სიხარულით გვამცნო, თითქოს რაღაც მტკიცებულებები არსებობს. ამით საკვები მისცა პროპაგანდისტულ მედიას, რომ კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველო თავდასხმის ობიექტი, საბოლოო ჯამში, არაფერი არ დამტკიცდა." - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 24 თებერვალს დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო როგორც საკანონმდებლო წინადადება, ისე მტკიცებულებათა პაკეტი.
11 მარტს, ფორმულამ სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ნავთობტერმინალის ამოღებასთან დაკავშირებით მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში ევროკომისიის პრესსპიერი წერს, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და კომპანია SOCAR-მა აიღო ვალდებულება, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება"





