აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

NYT-ის ანალიზი: ირანში სკოლას საზღვაო ბაზაზე აშშ-ს იერიშისას სავარაუდოდ, შეცდომით დაარტყეს

Planet Labs

გამოცემა New York Times-ის ცნობით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის, ახლად გამოქვეყნებული სატელიტური სურათები, სოციალური მედიის პოსტები და გადამოწმებული ვიდეოები, მიანიშნებს, რომ 28 თებერვალს ირანის ქალაქ მინაბში ზუსტი დარტყმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დაწყებითი სკოლის შენობა მაშინ, როცა პარალელურად თავდასხმა მოხდა ახლომდებარე საზღვაო ბაზაზე, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) მართავდა.

NYT-ის მიხედვით, ოფიციალური განცხადება, რომ ამერიკულ ძალებს იერიშები მიჰქონდათ საზღვაო სამიზნეებზე ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს, სადაც IRGC-ს ბაზა მდებარეობს, მიანიშნებს, რომ იერიში, დიდი ალბათობით, აშშ-ს ძალებმა მიიტანეს. 

4 მარტს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტს აშშ-ს ომის დეპარტამენტი იძიებდა. თავის მხრივ, ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ იერიშთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გამოცემის მიხედვით, იმის დადგენას, თუ რა მოხდა ზუსტად, იარაღის ხილვადი ფრაგმენტების სიმცირე და ადგილზე უცხოელი რეპორტიორების არარსებობა უშლიდა ხელს. NYT წერს, რომ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დამოუკიდებლად გადამოწმებული ჯერ კიდევ არ არის. ხოლო ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნები და ირანული სამთავრობო მედია აცხადებენ, რომ დარტყმას, სულ მცირე, 175 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა კი ბავშვი იყო. 

ირანული სამთავრობო მედიისა და მაღალჩინოსნების მიხედვით, იერიშის დროს თეირანიდან 960-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით, ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს, მდებარე მინაბის დაწყებით სკოლაში ბავშვები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, რადგან შაბათი ირანში სამუშაო კვირის დასაწყისია. 

სკოლაზე დარტყმის შესახებ პირველი ინფორმაცია სოციალურ მედიაში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე გავრცელდა. NYT-ის მიერ პოსტების, ისევე როგორც თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოებისა და ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ სკოლას მაშინ დაარტყეს, როცა საზღვაო ბაზაზე იერიში მიიტანეს. 

ამასთანავე, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ სკოლასა და ირანის რევოლუციური გვარდიის, სულ მცირე, ექვს შენობაზე რამდენჯერმე მიიტანეს ზუსტი იერიში. საზღვაო ბაზაზე ოთხი შენობა სრულად განადგურდა, ხოლო დანარჩენი ორი შენობის სახურავების ცენტრში დარტყმის წერტილები ჩანს. 

ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, უეს ბრაიანტმა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებში მსახურობდა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების საკითხებში პენტაგონის მრჩეველი იყო, NYT-ს ესაუბრა და ახალ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ყველა შენობაზე, მათ შორის, სკოლაზეც ზუსტი ტარგეტირებული იერიშები მიიტანეს. 

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბრაიანტის თქმით, ყველაზე სავარაუდო ახსნა არის ის, რომ სკოლაზე თავდასხმა "სამიზნის არასწორი იდენტიფიცირების" შედეგად მოხდა - რაც ნიშნავს, რომ არმიამ ობიექტზე იერიში ისე მიიტანა, რომ არ იცოდა შიგნით მყოფი დიდი ოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. 

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ იერიშზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, NYT წერს, რომ თუკი დადასტურდა სკოლაზე აშშ-ს დარტყმა, გასარკვევი იქნება, შეცდომით მოხდა იერიში თუ მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო სამიზნე შერჩეული.

მინაბის სკოლაზე დარტყმასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რეპორტიორებს განუცხადა, რომ "აშშ სკოლას მიზანში განზრახ არ ამოიღებდა".

"ჩვენი სამიზნეებია რაკეტები, მათი წარმოებისა და გაშვების შესაძლებლობები, და კამიკაძე დრონები, ამაზე ვართ კონცენტრირებულები და არანაირი ინტერესი არ გვექნებოდა, და გულწრფელად, არც არანაირი სტიმული, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოგვეღო". - დაამატა რუბიომ. 

პარალელურად, NPR საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლაზე დარტყმა მეზობლად მდებარე ირანულ სამხედრო კომპლექსზე ზუსტი საჰაერო იერიშების ფარგლებში მოხდა და "შესაძლოა, რომ დარტყმა ვადაგასული ინფორმაციის შედეგი იყო". 

სატელიტური სურათების ანალიზზე დაყრდნობით NPR წერს, რომ სამხედრო კომპლექსზე დარტყმის ფარგლებში იერიში მიიტანეს სკოლასთან ახლომდებარე სხვა შენობებსა და კლინიკაზეც. მიდლბერის სკოლის პროფესორმა, ჯეფრი ლუისმა, რომელიც სატელიტური სურათების სპეციალისტია, NPR-ს განუცხადა, რომ ფოტოები ასახავს ზუსტ საჰაერო იერიშებს. 

ლუისის თქმით, სურათები "ძალიან ზუსტ ტარგეტირებას" აჩვენებს. "[კომპლექსის] თითქმის ყველა შენობას დაარტყეს." - დაამატა მან. 

NPR ასევე აღნიშნავს, რომ სკოლა IRGC-ს ბაზიდან 90-ზე ნაკლები მეტრის პერიმეტრზე მდებარეობდა. ბაზის შიგნით ასევე განთავსებული იყო კლინიკაც, თუმცა, როგორც სკოლა, ასევე კლინიკა, ბაზის დანარჩენი ნაწილებიდან კედლებით იყო გამოყოფილი. 

ამასთან, ლუისის თქმით, იერიში, დიდი ალბათობით, შეცდომის შედეგი იყო. NPR-ის მიერ სატელიტური ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ დროს სკოლისა და კლინიკის შენობები საზღვაო ბაზის შემადგენელი ნაწილები იყო. ბაზისგან სკოლის კედლით გამოყოფა 2013-16 წლებში მოხდა, ხოლო კლინიკის - 2022-24 წლებში.

NPR-თან საუბრისას ლუისმა თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-ს არმიის ოპერაციის დამგეგმავ პირებს სამიზნე ობიექტების ინფორმაცია განახლებული არ ჰქონდათ. 

"ირანის მასშტაბით ათასობით სამიზნეა და, ამიტომ, აშშ-სა და ისრაელში ჯგუფები იქნებიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სამიზნეებზე თვალყურსა და მათ განახლებაზე," თქვა მან და დაამატა, რომ "შესაძლებელია, სამიზნეზე ინფორმაცია არ იყო განახლებული."

კომენტარები