იტალიის ქალაქ ვერონაში 6 მარტს ზამთრის XIV პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუსს პარაათლეტებს პარალიმპიადაზე სახელმწიფო სიმბოლიკების - დროშის და ჰიმნის გამოყენების უფლება მიეცათ.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, 11 ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ბოიკოტს უცხადებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას და მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ქვეყნებია: კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი და უკრაინა.
საქართველო ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, რატი იონათამიშვილმა დაუდასტურა. იონათამიშვილი ამბობს, საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა და მხარს არ უჭერს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ეროვნული სიმბოლიკების ფონზე ასპარეზობას.
"საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მოქმედებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის კონსტიტუციის შესაბამისად, რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი პარასპორტსემენბის მონაწილეობას, ჯერ კიდევ პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე არათუ მხარი დავუჭირეთ, რომ მათ არ მიეღოთ ეროვნული სიმბოლიკით მონაწილეობა, არამედ ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორები და სპონსორები ვიყავით და ჩვენი პოზიცია არც მერე არ შეცვლილა ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არამხოლოდ ანგარიში იყო გასაწევი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე, არამედ ვაფიქსირებდით, რომ სანამ არ მოახდენდა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, სადაც საქართველომ პირწმინდად მოუგო რუსეთს ოკუპაციასთან დაკავშირებით დავები.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ხდება საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე, ბოლო ასეთი გაიმართა 2025 წლის სექტემბერში, სადაც ჩვენ ასევე არ დავუჭირეთ მხარი მათ მონაწილეობას პირდაპირი წესით პარალიმპიურ თამაშებზე, მაგრამ გადაწყვეტილებებზე გასაჩივრების მექანიზმები რასაკვირველია ჩვენ არ გაგვაჩნია". - თქვა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება გახსნის ცერემონიაში არ მონაწილეობას, იონათამიშვილის განცხადებით, ბოიკოტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან ჰქონდათ კომუნიკაცია. საქართველო პარალიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს, რადგან "გვირჩევნია სათხილამურო ტრასებზე დავამარცხოთ რუსები".
"რაც შეეხება უშუალოდ გახსნის ცერემონიას, ჩვენ გვირჩევნია, რომ სათხილამურო ტრასებზე დავამარცხოთ რუსები, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არის მიღებული, ვინაიდან ბოიკოტის გამოცხადება უშუალოდ გახსნის ცერემონიისთვის, მაშინ როდესაც ასპარეზობები იწყება და ასპარეზობებს არ ვუცხადებთ ბოიკოტს არათანმიმდევრულად მიგვაჩნია. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ მივუღებთ გახსნის ცერემონიაზე პოზიციას და ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მედროშე იქნება ISAF-ის მისიაში [საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები (ავღანეთის სამშვიდობო მისია)] დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, პარაათლეტი, თემო დადიანი, რომელსაც წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში - პარა ქროს-ქანთრი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უპრიანი არის და ამას ვპირდებით ჩვენ გულშემატკივრებს, რომ საქართველოს დროშა ბერვად უფრო წინ იქნება და დავამარცხებთ რუს მეტოქეებს და არა მარტო რუს მეტოქეებს. [...]
დღევანდელი მონაცემებიდან 56 ქვეყნიდან 11 ქვეყანა აცხადებს ბოიკოტს, ამ ქვეყნებიდან ერთი უკრაინაა. საინტერესოა, რომ ე.წ. მსურველთა კოალიციის ქვეყნების დიდი ნაწილი არ არიან ამ ბოიკოტში ჩართული და ასევე არ არიან ის ტრადიციული ქვეყნები, ვისაც ზამთრის სპორტის სახეობები განვითარებული აქვთ, იქნება ეს - აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი შვედეთი თუ სხვა ქვეყნები. ამიტომ ჩვენი პოზიცია ისაა, რომ სათხილამურო ტრასებზე დავამარცხებთ [რუსებს], რადგან საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა და ამავდროულად სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით". - თქვა იონათამიშვილმა ტაბულასთან.
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ორი პარაათლეტი წარმოადგენს - თემო დადიანი პარა ქროს-ქანთრის დიცსიპლინაში და ლუკა ლომაია პარასნოუბორდში.
ცნობისთვის, 2022 წლიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობენ და ეროვნული სიმბოლიკების გამოყენება აკრძალული აქვთ. მათ ასევე ნეიტრალური სტატუსით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებში.





