აშშ-ირანი

ტრამპი: აშშ-მ ირანში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დაიწყეს. ირანის რეჟიმის - სასტიკი, ძალიან მტკიცე და საშიში ადამიანების ჯგუფის - მხრიდან მომდინარე მყისიერი საფრთხეების აღმოფხვრით ჩვენი მიზანი ამერიკელი ხალხის დაცვაა. მათი მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს საზღვარგარეთულ ბაზებს და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში.

47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი სკანდირებდა 'სიკვდილი ამერიკას' და აწარმოებდა სისხლისღვრისა და მასობრივი მკვლელობების განუწყვეტელ კამპანიას, რომელიც შეერთებული შტატების, ჩვენი სამხედროების და მრავალ ქვეყანაში მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. რეჟიმის ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო თეირანში აშშ-ს საელჩოს ძალადობრივი აღების მხარდაჭერა, რის შედეგადაც 444 დღის განმავლობაში ათეულობით ამერიკელი მძევლად იქნა აყვანილი. 1983 წელს ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ბეირუთში საზღვაო ქვეითთა ყაზარმებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 241 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. 2000 წელს მათ იცოდნენ და სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ USS Cole-ზე თავდასხმაში, [რის შედეგადაც] მრავალი ადამიანი დაიღუპა.

ირანულმა ძალებმა ერაყში ასობით ამერიკელი სამხედრო მოკლეს ან დაასახიჩრეს. ბოლო წლებში რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ძალებზე, ასევე აშშ-ს სამხედრო-საზღვაო და კომერციულ გემებზე საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე ურიცხვ თავდასხმებს აგრძელებდნენ. ეს იყო მასობრივი ტერორი და ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ლიბანიდან იემენამდე და სირიიდან ერაყამდე რეჟიმმა შეიარაღა, გაწვრთნა და დააფინანსა ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებმაც მიწა სისხლით დაფარეს. სწორედ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰამასმა დაიწყო 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმები ისრაელზე, რის შედეგადაც 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 46 ამერიკელი, ხოლო 12 ჩვენი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ეს იყო სასტიკი რამ, რაც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს.

ირანი მსოფლიოში ტერორიზმის მხარდამჭერი ნომერ პირველი სახელმწიფოა და სულ ახლახან ქუჩებში ათიათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, როცა ისინი საკუთარ პროტესტს გამოხატავდნენ. შეერთებული შტატების პოლიტიკა ყოველთვის იყო - განსაკუთრებით ჩემი ადმინისტრაციის დროს - რომ ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონდეს. ამას კვლავ გავიმეორებ: მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი.

სწორედ ამიტომ გასული წლის ივნისში ოპერაცია "შუაღამის უროს" ფარგლებში ჩვენ გავანადგურეთ რეჟიმის ბირთვული პროგრამა ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში. ამ თავდასხმის შემდეგ გავაფრთხილეთ ისინი, რომ აღარასოდეს განაახლონ ბირთვული იარაღის ბოროტი მისწრაფება და არაერთხელ შევეცადეთ შეთანხმების მიღწევას. ვცადეთ - ხან უნდოდათ, ხან არ უნდოდათ, ისევ უნდოდათ, ისევ არ უნდოდათ, არ იცოდნენ რა ხდებოდა, მათ უბრალოდ ბოროტების წარმოება სურდათ.

მაგრამ ირანმა უარი თქვა, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. მათ ბირთვული ამბიციების დათმობის ყველა შესაძლებლობა უარყვეს და ჩვენ ამას ვეღარ მოვითმენთ. ამის ნაცვლად, მათ სცადეს ბირთვული პროგრამის აღდგენა და შორი მოქმედების რაკეტების განვითარება, რომლებიც ახლა საფრთხეს უქმნის ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს ევროპაში, ჩვენს საზღვარგარეთ განთავსებულ ჯარებს და [ამ საფრთხემ] მალე შესაძლოა ამერიკის კონტინენტსაც მიაღწიოს. წარმოიდგინეთ, რამდენად გაბედული გახდებოდა ეს რეჟიმი, რომ ჰქონოდა და რეალურად ფლობდეს ბირთვულ იარაღს საკუთარი გზავნილის გასავრცელებლად.

ამ მიზეზების გამო, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ახორციელებენ მასშტაბურ და უწყვეტ ოპერაციას, რათა აღკვეთონ ამ მეტად ბოროტი რადიკალური დიქტატურის მხრიდან ამერიკისა და ჩვენი ძირითადი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის საფრთხის შექმნა. ჩვენ გავანადგურებთ მათ რაკეტებს და მიწასთან გავასწორებთ მათ სარაკეტო ინდუსტრიას, ის კვლავ დავიწყებას მიეცემა. ჩვენ გავანადგურებთ მათ საზღვაო ფლოტს. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რეგიონში მოქმედი ტერორისტული ჯგუფები ვეღარ მოახდენენ დესტაბილიზაციას და ვეღარ დაესხმიან თავს ჩვენს ძალებს, ვეღარ გამოიყენებენ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ათასობით ადამიანის, მათ შორის მრავალი ამერიკელის, დასახოცად და დასაზიანებლად და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს. ეს ძალიან მარტივი გზავნილია - მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი.

ეს რეჟიმი მალე გაიგებს, რომ არავინ უნდა დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძალასა და ძლიერებას. ჩემს პირველ ადმინისტრაციაში მე ავაშენე და აღვადგინე ჩვენი სამხედრო ძალა და დედამიწაზე არ არსებობს სამხედრო ძალა, რომელიც მის ძალას, სიმტკიცესა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შეედრება. ჩემმა ადმინისტრაციამ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი რეგიონში ამერიკული პერსონალის რისკის შესამცირებლად. მიუხედავად ამისა და ამას მსუბუქად არ ვამბობ, ირანის რეჟიმი მკვლელობისკენ ისწრაფვის. შესაძლოა დავკარგოთ მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე და გვქონდეს მსხვერპლი - ომში ეს ხშირად ხდება - მაგრამ ამას არა მხოლოდ დღევანდელობისთვის, არამედ მომავლისთვის ვაკეთებთ და ეს კეთილშობილი მისიაა.

ჩვენ ვლოცულობთ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს უზრუნველყოს, რომ ამერიკელები და ჩვენი შვილები არასოდეს აღმოჩნდნენ ბირთვულად შეიარაღებული ირანის საფრთხის წინაშე. ვთხოვთ ღმერთს დაიცვას ჩვენი გმირები საფრთხის წინაშე და გვწამს, რომ მისი დახმარებით შეიარაღებული ძალების წევრი კაცები და ქალები გამარჯვებას მოიპოვებენ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ისინი გაიმარჯვებენ.

ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციის ყველა თანამშრომელს ამაღამ ვეუბნები: დაყარეთ იარაღი და მიიღეთ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალ სიკვდილს შეხვდებით. ასე რომ, დაყარეთ იარაღი - თქვენ სამართლიანად სრული იმუნიტეტით მოგექცევიან, ან გარდაუვალ სიკვდილს შეხვდებით.

და ბოლოს, ირანის ამაყ და დიდ ხალხს ამაღამ ვეუბნები, რომ თქვენი თავისუფლების ჟამი დადგა. დარჩით თავშესაფარში, არ გახვიდეთ სახლიდან - გარეთ ძალიან საშიშია, ბომბები ყველგან ჩამოვარდება. როცა ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ თქვენი მთავრობა - ის თქვენი იქნება. შესაძლოა ეს მრავალი თაობის განმავლობაში თქვენი ერთადერთი შანსი იყოს.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ამერიკის დახმარებას ითხოვდით, მაგრამ ვერ იღებდით. არცერთი პრეზიდენტი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რის გასაკეთებლადაც მე ამაღამ მზად ვარ. ახლა თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელიც გაძლევთ იმას, რაც გინდათ, ასე რომ ვნახოთ როგორ უპასუხებთ. ამერიკა გიჭერთ მხარს უზარმაზარი ძალით და გამანადგურებელი ძალისხმევით. ახლა დროა ხელში აიღოთ თქვენი ბედისწერა და გაათავისუფლოთ ის წარმატებული და დიდებული მომავალი, რომელიც ახლოსაა. მოქმედების დრო ახლაა - არ გაუშვათ ის.

ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეიარაღებული ძალების მამაცი კაცები და ქალები, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ ყველა. მადლობა.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კომენტარები