საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორში, ბრალდებულმა მისი კუთვნილი ავტომანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტაქსის მძოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს, 25 თებერვალს გაავრცელა.





