ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა

ახალშობილი შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სანიტარი დააკავეს

დააკავეს ბათუმის კლინიკა მედინას სანიტარი, რომელმაც გამოძიების და კლინიკის ინფორმაციით, საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ ახალშობილს დაზიანებები მიაყენა. შსს მას სსკ-ს 11 პრიმა 19.109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება,  რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ქალს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს ჩაინიშნა.

22 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ კლინიკა მედინას საპირფარეშოში იმავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა. მედინას კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია.

"ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლი აქვს დაკარგული, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას" - ამბობდა უნგიაძე.

ახალშობილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. 24 თებერვალს მედინას დირექტორმა თქვა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა "შედარებით გაუმჯობესდა“.

კომენტარები