მეფე ჩარლზ III-მ თავისი ძმისა და ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა:
"ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ამბავი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების ეჭვის შესახებ. ახლა დაიწყება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ საკითხის სათანადო გამოძიება შესაბამისი ორგანოების მიერ. ამ მხრივ, როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ." - განაცხადა მეფე ჩარლზ III-მ.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ, რომელსაც სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან ჰქონდა კავშირები, დღეს, 19 თებერვალს, დააკავეს.
საკუთარ ძმას მეფე ჩარლზმა სამეფო ტიტულები გასული წლის ოქტომბერში ჩამოართვა, რის შემდეგაც ენდრიუმ უინძორების სასახლე დატოვა. მანამდე მან უარი სხვა სამეფო ტიტულებზეც თქვა, მათ შორის, იორკის ჰერცოგის წოდებაზეც.
ტიტულების ჩამორთმევას წინ უძღოდა ვირჯინია ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნება, რომელიც ენდრიუსა და ეპსტინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
გამოქვეყნებულ მემუარებში ვირჯინია ჯუფრემ კვლავ გაიმეორა ბრალდებები, რომ პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობა თინეიჯერულ ასაკში სამჯერ ჰქონდა. ჯუფრემ სიცოცხლე 2025 წლის დასაწყისში თვითმკვლელობით დაასრულა.





