კობახიძის განათლების რეფორმა

ანტისემიტიზმი, ოკულტიზმი, ბიბლიის გასწორება - რას საქმიანობს ივანიშვილის ასტროარქეოლოგი

კობახიძის განათლების რეფორმა

ანტისემიტიზმი, ოკულტიზმი, ბიბლიის გასწორება - რას საქმიანობს ივანიშვილის ასტროარქეოლოგი

ჟანრის კანონია: თუ კათედრაზე ბოდვას აუშვებ, ის ერთხელ აუცილებლად იქცევა ანტისემიტიზმად. როცა აკადემიის ნგრევის პარალელურად, საუნივერსიტეტო სივრცეში "ბიბლიის გასწორებაზე", კოსმიურ ანბანზე და ებრაელების მიერ წმინდა ტექსტების გადაკეთებაზე საუბრობენ, საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ აკადემიის დამოუკიდებლობა - არამედ თავად მეცნიერება.

ბიბლიის "გასწორება" და ანტისემიტური ნარატივი

ამ მიმართულების ცენტრალური ფიგურა "ასტროლინგვისტი" ალიკო ცინცაძეა. მისი თეორიები არა მხოლოდ მეცნიერულ ჩარჩოებს სცდება, არამედ ღია ანტისემიტურ ნარატივს ეფუძნება. ცინცაძე ამტკიცებს, რომ ბიბლია ებრაელებმა "თავის თავზე მოირგეს" და მისი "გასწორების" დრო დადგა.

"იქ ბიბლიასთან დაკავშირებული მოვლენები სხვანაირად არის შეფასებული და მისი გასწორებისა და ჩასწორების დროა იმიტომ, რომ თავის დროზე ზოგიერთმა ხალხებმა, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა ბიბლია, თავის თავზე მოირგეს იგი და მას შეაქსოვეს თავისი ისტორია... ეს ყველაფერს ცვლის და ამ ცვლილებების დრო დადგა", - აცხადებს ცინცაძე.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიუთითებს, რომ მსგავსი ნარატივი პირდაპირ უკავშირდება იმ ინტელექტუალურ ტრადიციას, რომელიც წმინდა ტექსტების "დამახინჯებაზე" პასუხისმგებლობას ებრაელებს აკისრებს. ცინცაძე საკუთარი თეორიების ვერიფიკაციისთვის მიმართავს "ანენერბეს" (Ahnenerbe) კვლევებს, რაც არის SS-ის მიერ შექმნილი ფსევდომეცნიერული ორგანიზაცია, რომელიც ჰაინრიხ ჰიმლერის პატრონაჟით არიული რასის უპირატესობის დასამტკიცებლად მუშაობდა. მინდიაშვილის თქმით, ცინცაძე ქართულ მოდგმას "ნამდვილ არიელებად" მიიჩნევს, ხოლო თავად მეფე ფარნავაზს "ნამდვილი და კარგი ფაშიზმის" დამფუძნებლად მოიხსენიებს. 

კოსმიური ანბანი და მეცნიერების იმიტაცია

ცინცაძის სისტემაში ქართული კულტურა ერთიან "კოსმიურ პარადიგმად" არის წარმოდგენილი. მისი თქმით, ბაგრატის ტაძრისა და ტაბაწყურის "წითელი საყდრის" არქიტექტურა კონკრეტული თანავარსკვლავედების პროექციას იმეორებს, ხოლო ქართული ანბანი "კოსმიურ კოდს" წარმოადგენს.

ამ თეორიით, ასომთავრული იწყება მთვარის ღმერთით, "ან"-ით, ხოლო მე-19 ასო "რაე" მეტონის მთვარის ციკლს უკავშირდება. იმავე ლოგიკით, რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" მისთვის დაშიფრული ასტრონომიული ტექსტია, სადაც ხმოვნები ინფორმაციულ სიგნალებს გადასცემენ.

პრობლემა აქ მხოლოდ თეორიის უცნაურობა არ არის. პრობლემა მეთოდშია. მეცნიერება დასკვნას მტკიცებულებიდან იღებს, მაშინ, როცა მსგავსი სისტემები წინასწარ ნარწმუნების დასადასტურებლად სიმბოლოებს არჩევენ. კოგნიტური ფსიქოლოგია ასეთ მოვლენას პარეიდოლიას უწოდებს, რაც არის ტენდენცია, დავინახოთ პატერნები და მნიშვნელობა იქ, სადაც ისინი რეალურად არ არსებობს.

ცინცაძის ნაშრომები ეფუძნება მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული კულტურა ფლობდა ფუნდამენტურ ცოდნას სამყაროს მოწყობის შესახებ.

მაგალითად, ცინცაძის თეორიით, კაბალა, რაც არის ებრაული მისტიკური და ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ცდილობს ახსნას კავშირი მარადიულ, უსასრულო ღმერთსა და სასრულ, მატერიალურ სამყაროს შორის, სინამდვილეში საქართველოში წარმოიშვა - ამ თეორიას მან წიგნიც მიუძღვნა.

“ქართული კაბალა ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიციები, მზისა და მთვარის მოძღვრება, სულის უკვდავების მოძღვრება, რომელიც დაფარვის მეთოდებს შეიცავს. დადგინდა, რომ ქართული კაბალა მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიის ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის, მუსულმანობისა და ზოროასტრიზმის საფუძველს წარმოადგენს,” - ამბობს ცინცაძე 2019 წელს მისი წიგნის, “ქართული კაბალას” პრეზენტაციაზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ცოდნა ძილ-ბურანში

ცინცაძის მეთოდოლოგია კიდევ უფრო აშორებს მას აკადემიურ ჩარჩოებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას არა კვლევის პროცესში, არამედ ძილისა და სიფხიზლის ზღვარზე, გამთენიისას ეძლევა.

"დილის 4-5 საათიდან 7 საათამდე, თვალდახუჭული რომ ვარ, მაშინ მოდის ეს ინფორმაცია. მე ვდგები, ვიწერ და შემდეგ ვიძინებ", განმარტავს ის.

მისი თქმით, ამგვარ ცოდნას დავით აღმაშენებელიც იყენებდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერებისთვის მსგავსი მიდგომა სუბიექტური ინტუიციის მაგალითია და არა კვლევითი მეთოდის.

სისტემური აბსურდი 

მაშინ, როცა უნივერსიტეტები რეალური აკადემიური პროგრამების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, სახელმწიფო და ივანიშვილის ფონდი "ქართუ" ახალისებენ პროგრამებს, სადაც "ძილ-ბურანში" მიღებული ინფორმაცია აკადემიურ სტატუსს იძენს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოყოფილი ადგილები "ასტრომეცნიერებისა" და "ასტროარქეოლოგიისთვის" მკაფიო სიგნალია: განათლების სისტემაში რაციონალური ცოდნა ადგილს უთმობს ეზოთერულ სპეკულაციებსა და იდეოლოგიურ კონსტრუქციებს. ეს განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა უნივერსიტეტის მფლობელს ასტროარქეოლოგებთან ერთად, პირადი ფანტაზიორებიც ჰყავს, რომელთა მონაჩმახიც სახელმწიფო დოქტრინად იქცა. 

კომენტარები