პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. უწყების ცნობით, ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე იყო დასაქმებული, სხვადასხვა დროს დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხები პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით, ჯამში 300 000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის ცობით, ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. შესაბამისად, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით (მითვისება, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





