აშშ-სომხეთი

ვენსი: სომხეთს შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების საყრდენი იყოს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ფიქრობს, რომ სომხეთს შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საყრდენის როლი შეასრულოს. 

ამის შესახებ ვენსმა ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს ილაპარაკა.

"მჯერა, რომ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სომხეთს რეალურად შეუძლია, მნიშვნელოვანი საყრდენის როლი შეასრულოს მსოფლიოს ამ რეგიონში ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც გააგრძელებს და შეინარჩუნებს სამშვიდობო შეთანხმებას და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი კეთილდღეობაც შეიძლება მოიტანოს სომეხი ხალხისთვის და, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამერიკელი ხალხისთვისაც. ასე რომ, ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ვიცი, რომ ეს ვიზიტი უბრალოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პატივი მაქვს, ვიყო პირველი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც სომხეთს ეწვია". - თქვა ვენსმა. 

პარალელურად, ვენსმა და ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამავე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ სომხეთი აშშ-სგან $11 მილიონის ღირებულების "დრონების ტექნოლოგიას" შეიძენს. 

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი, ცოლთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. მოგვიანებით ვენსი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, შემდეგ კი მათ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართეს.

სომხეთიდან ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობაა, რომელიც რეგიონში ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს შეცვლის.

ამასთან, ვიზიტის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP).

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.

კომენტარები