აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნებს შორის მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრის შემდეგ ამის შესახებ ვენსმა და ფაშინიანმა ერევანში პრესკონფერენცია გამართეს.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ სომხეთში მცირე ზომის მოდულურ რეაქტორებს გაგზავნის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ სომხეთს საკმარისად ენდობა ამ დონის ინვესტიციისთვის და ეს ფაშინიანის პოლიტიკის დამსახურებაა.
"დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 123 სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ. ახლა, როდესაც ეს სრულად დასრულდება, ეს ამერიკულ და სომხურ კომპანიებს სამოქალაქო ბირთვულ პროექტებზე შეთანხმებების დასადებად გზას გაუხსნის.
ეს ნიშნავს $5 მილიარდის ღირებულების თავდაპირველ ამერიკულ ექსპორტებს, დამატებით $4 მილიარდით საწვავით და შენარჩუნების კონტრაქტებით გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. ეს, როგორც სომხეთისთვის, ისევე აშშ-სთვის, კლასიკური გამარჯვებაა. ეს ნიშნავს ჩემი საკუთარი ქვეყნისთვის უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ასევე, ვფიქრობ, უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვისაც. ეს ასევე შექმნის მრავალ ახალ სამუშაო ადგილს აშშ-ში.
ეს გულისხმობს ასევე მცირე ზომის მოდულურ რეაქტორებს. ამერიკული ტექნოლოგია ამ ქვეყანაში ჩამოვა. კიდევ ერთხელ, ის არის ერთ-ერთი იმ ცოტა ქვეყანას შორის, სადაც ამ დონის ინვესტიციისთვის, ამგვარი ტექნოლოგიის გასაგზავნად საკმარისად დარწმუნებულები ვართ და ეს პრემიერმინისტრის [ფაშინიანის] ლიდერობის გამო ხდება". - თქვა ვენსმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ განცხადების ხელმოწერით პარტნიორობის "ახალი თავი დაიწყო".
"დღეს რამდენიმე წუთის წინ ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად სომხეთისა და აშშ-ს მთავრობებს შორის მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებებს მოვაწერეთ ხელი.
ეს შეთანხმება სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებით ახალ თავს დაიწყებს. ის უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციაში შეიტანს წვლილს.
ასევე გამოვხატე მადლიერება ბირთვული უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს მხრიდან სომხეთისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და მზაობა გამოვთქვი, რომ ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ". - თქვა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი, ცოლთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. მოგვიანებით ვენსი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, შემდეგ კი მათ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართეს.
სომხეთიდან ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.
სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობაა, რომელიც რეგიონში ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს შეცვლის.
ამასთან, ვიზიტის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP).
TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.





