აშშ-სომხეთი

სომხეთი აშშ-სგან $11 მილიონის ღირებულების დრონებს შეისყიდის

REUTERS/Kevin Lamarque/Pool

სომხეთი აშშ-სგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების "სათვალთვალო დრონების ტექნოლოგია" შეისყიდის. სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის დრონები შეიძენს.

ამის შესახებ ფაშინიანმა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ერევანში ბირთვულ ენერგიაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს.

"ასევე ძალიან მოხარული ვიყავი პრემიერმინისტრთან ერთად, რომ რამდენიმე წუთის წინ ვიხილე ახალი დრონების ტექნოლოგიის ნაწილი, რომელსაც სომხეთს მივყიდით. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა გექნება, რეალური შეკავების დამყარებაა, ხოლო რეალური შეკავების დამყარების საუკეთესო გზა მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიაა, რომელიც აშშ-ს აქვს. 

პირველად ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიის, $11 მილიონის ღირებულების სათვალთვალო დრონების ტექნოლოგიის, მსხვილ მიყიდვას სომხებისთვისა და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერმინისტრისთვის. ამას ის გამოიყენებს საკუთარი ქვეყნის დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა, რომელიც შევქმენით, შენარჩუნდება.

ეს აშშ-სთვის ჩვენს საკუთარ თავდაცვის სექტორში მეტ სამსახურსა და მეტ ინვესტიციას ნიშნავს". - თქვა ვენსმა. 

დრონების შესყიდვასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმაც ილაპარაკა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრანზაქცია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლოდ გაფართოებისთვის საფუძველს შექმნის.

"ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებში. ორმხრივი ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და უკვე სამ წელზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე Eagle Partner-ის სამხედრო წვრთნების გაგრძელების სახით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეისყიდა, რომელთა ეფექტიანობაც მათი გამოყენების ხანგრძლივი გამოცდილებით არის დამტკიცებული და რომლებიც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გააძლიერებს. გამოვთქვი იმედი, რომ ეს ტრანზაქცია, რომელიც აშშ-ს საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში შედგა, სამომავლოდ თანამშრომლობის გაფართოებისთვის საფუძველს შექმნის". - თქვა ფაშინიანმა. 

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი, ცოლთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. მოგვიანებით ვენსი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, შემდეგ კი მათ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართეს.

სომხეთიდან ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობაა, რომელიც რეგიონში ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს შეცვლის.

ამასთან, ვიზიტის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP).

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.

კომენტარები