ინფორმირებული წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევისა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს.
წყაროები გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს ვადა არარეალისტურია, რადგან მხარეებს შორის ტერიტორიის საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
ხუთი წყაროს ცნობით, ნებისმიერი შეთანხმების შესახებ უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდება და მას ამომრჩეველი დაამტკიცებს. რეფერენდუმის პარალელურად ეროვნული არჩევნები ჩატარდება.
წყაროების თქმით, აბუდაბიში მხარეებმა უკრაინაში არჩევნებისა და რეფერენდუმის მაისში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს, თუმცა რამდენიმე წყარომ ეს ვადა არარეალისტურად შეაფასა.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში ვარაუდობენ, რომ არსებულ პირობებში არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. "ამერიკელები ჩქარობენ" - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
ორი წყაროს ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ, ნოემბერში აშშ-ს კონგრესის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, ტრამპი უფრო მეტად ქვეყნის შიდა პრობლემებით დაკავდება და აშშ-ს მაღალჩინოსნებს სამშვიდობო შეთანხმებაზე სამუშაოდ ნაკლები დრო ექნებათ.





