როგორც Financial Times-ი წერს, ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ორმა რუსულმა კოსმოსურმა მოწყობილობამ, სულ მცირე, ათობით ევროპული სატელიტის კომუნიკაცია გადაიტაცეს.
მაღალჩინოსნების აზრით, კომუნიკაციების შესაძლო გადატაცება, რომლის შესახებაც წარსულში ცნობები არ გავრცელებულა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სატელიტებით გადაცემულ სენსიტიურ ინფორმაციას, არამედ შესაძლოა მოსკოვს საშუალება მისცეს ამ სატელიტებს კურსი შეუცვალოს, ან ჩამოაგდოს კიდეც.
ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა, რუსული კოსმოსური ობიექტები ევროპულ სატელიტებს ედევნებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთის სამხედრო და სამოქალაქო კოსმოსური ორგანოები აკვირდებოდნენ რუსეთის კოსმოსური დანადგარების, ლუჩ-1-ისა და ლუჩ-2-ის მოძრაობებს, რომლებიც ორბიტაზე საეჭვო მანევრებს აკეთებდნენ. ორივე დანადგარი ევროპის უმნიშვნელოვანეს გეოსტაციონარულ სატელიტებს სახიფათოდ მიუახლოვდა. ეს სატელიტები ევროპის კონტინენტის თავზეა განლაგებული. FInancial Times-ი მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლუჩ-1 და ლუჩ-2 მუდამ ევროპული სატელიტების მახლობლად დაფრინავდნენ. ლუჩ-2, რომელიც რუსეთმა 2023 წელს გაუშვა, 17 ევროპულ სატელიტს მიუახლოვდა.
FInancial Times-ს გერმანიის არმიის კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მიხაელ ტრაუტმა უთხრა, რომ ორივე რუსული თანამგზავრი დაკავებულია "სიგნალური დაზვერვით".
ევროპული ქვეყნების დაზვერვის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს საკუთარი შიშები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათი სატელიტების ბრძანებათა მონაცემები არაა დაშიფრული, რადგან ისინი ორბიტაზე მრავალი წლის წინ გაგზავნეს, როცა თანამედროვე კომპიუტერები და დაშიფრვის შესაძლებლობები არ არსებობდა. მათივე თქმით, ეს ფაქტი ამ ობიექტებს ხდის მოწყვლადს შესაძლო მტრულად განწყობილი აქტორების მიმართ.
Financial Times-ი წერს, რომ დაზვერვისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შიშობენ კოსმოსში კრემლის მიერ მსგავსი ქმედებების გაფართოების შესაძლებლობაზე.
ევროპული სატელიტები, რომლებსაც ლუჩ-1 და ლუჩ-2 პერიოდულად უახლოვდებიან, ძირითადად სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, როგორიცაა სატელიტური ტელევიზიის სიხშირეების გადაცემა, თუმცა ატარებენ მთავრობისა და არმიების სენსიტიურ ინფორმაციასაც.
დაზვერვის მაღალჩინოსნების თქმით, ლუჩ-1-სა და ლუჩ-2-ს სავარაუდოდ არ აქვთ ევროპული სატელიტების მწყობრიდან გამოყვანის ან განადგურების საშუალებები, თუმცა შესაძლოა რუსეთს უკვე მიაწოდეს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიგონ, როგორ იქნება შესაძლებელი ამ მოწყობილობების დაზიანება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთს შეუძლია მიბაძოს ხმელეთზე მყოფი ოპერატორების ბრძანებებს და სატელიტებს ცრუ განკარგულებები მისცეს.





