რუსეთი-დასავლეთი

შოიგუ: დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს

სერგეი შოიგუ
CDN

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს თქმით, დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს.

 "2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ბელარუსის რესპუბლიკის ან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს - მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აგრესია ტრადიციული (არაბირთვული) იარაღით განხორციელდება", - ამბობს შოიგუ.

მისი თქმით, რუსეთი "ევროპული ქვეყნების სამხედრო მზადებას ყურადღებით აკვირდება".

"რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებული არამეგობრული ქმედებები საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენი ქვეყანა დასაშვებად თვლის როგორც სიმეტრიული, ასევე ასიმეტრიული ზომების მიღებას, რომლებიც აუცილებელია მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად," - ამბობს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავჯდომარე.

შოიგუს თქმით, ბირთვული შეკავება მიმართულია იმ სახელმწიფოებისა და სამხედრო კოალიციების წინააღმდეგ, რომლებიც "რუსეთს პოტენციურ მოწინააღმდეგედ განიხილავენ და მასობრივი განადგურების იარაღს ან მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალის მქონე საყოველთაო დანიშნულების ძალებს ფლობენ".

გარდა ამისა, შოიგუს თქმით, აღნიშნული ზომები იმ სახელმწიფოებზეც გავრცელდება, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის მოსამზადებლად თავიანთ ტერიტორიებს ან რესურსებს იყენებენ.

 

კომენტარები