საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ლაშა დარსალია "ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა".
მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.
უწყების განცხადების თანახმად, შევედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





