პუტინის თქმით, მზადაა, ტრამპის მშვიდობის საბჭოში $1 მლრდ გაყინული აქტივებიდან გადაიხადოს

   
   

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, აშშ-ში გაყინული აქტივებიდან $1 მილიარდი გამოყოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შექმნილი "მშვიდობის საბჭოსთვის." პუტინის მიხედვით, აშშ-სთან ეს წინადადება უკვე განიხილება.

"იქამდეც კი, სანამ გავარკვევთ, თუ რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას მშვიდობის საბჭოს შემადგენლობასა და სამუშაო პროცესში, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, ერთი მილიარდი დოლარი მივმართოთ მშვიდობის საბჭოსთვის იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დროს გაიყინა," განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

დონალდ ტრამპმა ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" წევრად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია. თუმცა, გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს.

ტრამპის "მშვიდობის საბჭომ" მსოფლიო ორ ნაწილად გაყო – ვინ მიიწვია აშშ-მ წევრებად?

ამას გარდა, პუტინის თქმით, მშვიდობის საბჭოსთვის ერთი მილიარდის გადაცემაზე პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც გაესაუბრება, რომელსაც დღეს, 22 იანვარს, შეხვდება. ამავე დღესვე პუტინი შეხვდება აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს.

მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები ბრძოლის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად გამოიყენოს, მას შემდეგ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.

"აშშ-ში გაყინული ჩვენი აქტივებიდან დარჩენილი თანხებიც შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად იყოს გამოყენებული, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ," თქვა მან.

ცნობისთვის, აშშ-ში რუსული აქტივებიდან $4-5 მილიარდამდეა გაყინული, ხოლო გაყინული რუსული აქტივების უმეტესობა ევროპის ქვეყნებში ინახება და მათი ღირებულება დაახლოებით €210 მილიარდს აღწევს.

17 იანვარს თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოს"  წევრების ნაწილი დაასახელა. დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.

 

კომენტარები