New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა და არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს სთხოვეს, რომ ირანის რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ ირანზე იერიში არ მიეტანა.
15 იანვარს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NYT-ს უთხრა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, ირანზე ამერიკის სამხედრო თავდასხმის ნებისმიერი გეგმა გადაედო.
წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუ ტრამპს 14 იანვარს ესაუბრა, იმავე დღეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ "მეორე მხარეს არსებული ძალიან მნიშვნელოვანი წყაროებიდან" მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა შეწყვიტა დემონსტრანტების მკვლელობა და აღარ აპირებდა სიკვდილით დასჯების განხორციელებას. NYT აღნიშნავს, რომ ეს, როგორც ჩანს, ტრამპის მიერ ირანზე აშშ-ს შესაძლო თავდასხმის იდეისგან დაშორებაზე მიუთითებდა.
ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ტრამპმა მსგავსი ორაზროვანი გზავნილები გასული წლის ივნისშიც გაავრცელა, როდესაც მას პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის ბრძანების გაცემა.
ასევე, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ოფიციალური პირი გამოცემას უყვება, რომ ისრაელის გარდა, კატარი, საუდის არაბეთი, ომანი და ეგვიპტეც სთხოვენ ტრამპის ადმინისტრაციას, არ შეუტიოს ირანს. წყაროს თქმით, ამ ქვეყნების მაღალჩინოსნები ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ გზავნილით უკავშირდებოდნენ აშშ-ს ოფიციალურ პირებს. ქვეყნების წარმომადგენლებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ აშშ-ს თავდასხმამ შესაძლოა უფრო ფართომასშტაბური რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს.
ამავდროულად, იმავე წყაროს თქმით, ოთხი არაბული ქვეყანა თავიანთ გზავნილებს დეესკალაციისა და დიპლომატიის სასარგებლოდ კოორდინირებულად გადასცემენ როგორც ვაშინგტონს, ისე თეირანს. NYT-თან საუბარში რეგიონში მყოფმა ორმა დიპლომატმაც დაადასტურა, რომ რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, რომ აშშ-ს ირანზე თავდასხმისგან თავი შეეკავებინა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები ემზადებიან იმისთვის, რომ ირანმა შესაძლო თავდასხმაზე საპასუხოდ დარტყმა მიაყენოს რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს - ძირითადად კატარში მდებარე აშშ-ს ავიაბაზას ან ერაყსა და სირიაში განლაგებულ ჯარებს. თუმცა, ირანის სამიზნე შესაძლოა ისრაელიც გახდეს.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.
ხოლო 13 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს მიმართა და მათ საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. დემონსტრამტებს ტრამპმა ასევე აცნობა, რომ "დახმარება გზაშია."
"ირანელო პატრიოტებო - გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები - ისინი დიდ საზღაურს გადაიღდიან. ირანელებთან ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.





