აშშ-ს საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების საკითხზე.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულმა იმიგრანტებმა არ გამოიყენონ სოციალური დახმარება შეერთებულ შტატებში და არ გახდნენ "საჯარო ტვირთი".
"ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
ბოლო განახლება: 2026 წლის 14 იანვარს
პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.
2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის:
ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?
საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.
არსებობს თუ არა გამონაკლისები?
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.
ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?
არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).
ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?
არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია". - წერია განცხადებაში.
14 იანვარს გამოცემა Fox News Digital მათ მიერ ნანახ მემორანდუმზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.
გამოცემის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულო ოფიცრებს ავალებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.
ვიზების გაცემაზე პაუზა 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება მანამ, სანამ დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცესს ხელახლა არ შეაფასებს.





