უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 418-ე დღე გავიდა და სწორედ ამდენივე დღის განმავლობაში ებრძოდა საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში ნაცისტების მიერ მეოცე საუკუნეში გამოყენებულ ტაქტიკებს იმეორებს.
"რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ იმდენივე ხანია მიმდინარეობს, რაც ნაცისტური გერმანიის ომი საბჭოთა კავშირთან. დღეს რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 1 418-ე დღე გავიდა. მათ სურდათ და გაიმეორეს ადამიანების დაცინვა – გაიმეორეს ფაშიზმი, გაიმეორეს თითქმის ყველა ყველაზე ცუდი რამ, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე წლებია მიმდინარეობს, კრემლმა სამხედრო მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.
"მაგრამ, რუსეთი კვლავ იმ დონბასის აღებას ცდილობს, რომელსაც თითქმის ოთხი წლის წინაც ცდილობდა. მათ კვლავ სურთ, რომ მოიტყუონ კუპიანსკის აღების შესახებ, ისინი კვლავ იხოცებიან უსასრულოდ ზაპოროჟიის მიწაზე და კვლავ იბრძვიან ერთიანი უკრაინის წინააღმდეგ. ეს ბევრს ამბობს იმ სისტემაზე, რომელიც პუტინმა შექმნა". - თქვა ზელენსკიმ.





