ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა 10 იანვარს სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში ერთკვირიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს, რაც მასპინძელი სამხრეთ აფრიკის მიხედვით, BRICS-პლუსის ოპერაციაა, "რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაზიდვისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოება".
გახსნითი ცერემონიის წამყვანმა ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლების სახით იღებდნენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, BRICS-პლუსი გეოპოლიტიკური ბლოკის გაფართოებული ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებდა. ჯგუფი ახლა ასევე ეგვიპტეს, ინდონეზიას, საუდის არაბეთს, ეთიოპიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც მოიცავს.
"წვრთნა 'მშვიდობის ნება 2026' BRICS-პლუსის ქვეყნებიდან სამხედრო-საზღვაო ძალებს აერთიანებს ერთობლივი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისთვისა და ურთიერთთავსებადობის წვრთნებისთვის." - განაცხადა სამხრეთ აფრიკის არმიამ.
სამხრეთ აფრიკა ჩინეთთან და რუსეთთან ერთად საზღვაო წვრთნებს რუტინულად მართავს, თუმცა, ბოლო წვრთნები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და რამდენიმე BRICS-პლუსის ქვეყანას, მათ შორის, ჩინეთს, ირანს, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიას შორის, გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
გასული წლის ივლისში ტრამპმა BRICS "ანტიამერიკული პოლიტიკის" წარმართვაში დაადანაშაულა და 10%-იანი ტარიფით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანდებოდნენ.





