აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი BRICS-ის წევრ ქვეყნებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრება, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
"აზრი, რომ BRICS-ის ქვეყნები დოლარის მიტოვებას აპირებენ, სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულებულია. [...] ჩვენ ამ ქვეყნებისგან მოვითხოვთ პირობას, რომ არც BRICS-ის ახალ ვალუტას შექმნიან და არც სხვა რომელიმე ვალუტას არ დაუჭერენ მხარს ძლიერი აშშ-ს დოლარის ჩასანაცვლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 100%-იანი ტარიფების წინაშე დადგებიან და უნდა მოელოდონ, რომ აშშ-ს მშვენიერ ეკონომიკაში გაყიდვას დაემშვიდობებიან. [...] შეუძლიათ, სხვა იპოვონ გასასულელებლად". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.
ცნობისთვის, რუსეთსა და ბრაზილიაში პოლიტიკოსებს აქამდე გამოუთქვამთ აზრი, რომ BRICS-მა აშშ-ს დოლარის საპირწონედ საკუთარი ვალუტა უნდა შექმნას.
მანამდე, ტრამპი ევროპას ტარიფების დაწესებით ემუქრებოდა. ამასთან, ტრამპმა კამპანიის დროს თქვა, რომ ყველა ქვეყნიდან აშშ-ში იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ჩინეთიდან შემოსულ პროდუქციაზე 60%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს.
BRICS საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი და ეთიოპია.
2024 წლის მონაცემებით BRICS-ის პარტნიორი ქვეყნები არიან ბელარუსი, ალჟირი, ბოლივია, ვიეტნამი, ინდონეზია, ყაზახეთი, კუბა, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა და უზბეკეთი.